შიში ყველაფერზე საშიშია
სამოძღვრო სიტყვა
იღუმენი ნექტარიოსი
(მოროზოვ).
დღევანდელ მსოფლიოში
ხმამაღლა განიხილება ადამიანური შიშის თემა. საამისო მიზეზიც საკმაოდ მრავალია.
როგორ არ ვიქცეთ საკუთარი ფობიების და საფრთხეების განცდის მონად, როგორ დავძლიოთ
ცხოვრების შიში და არ მივცეთ მას საშუალება ჩვენს განვითარებას ტოტალურ
დაბრკოლებად ექცეს, რა მნიშვნელობა ენიჭება ქრისტიანულ ცხოვრებაში შიშთან ბრძოლას?
- ამ თემებზე მსჯელობს იღუმენი ნექტარიოსი (მოროზოვ)
შიში მრავალსახოვანია იმდენად,
რამდენადაც რთულია ადამიანის სულის წყობა. ვიღაცას ეშინია გარდაუვალი სიკვდილის,
ვიღაცას ეშინია ტკივილის, ვიღაცას ეშინია ავადმყოფობის და ნებიმიერი ტანჯვის,
ვიღაცას ეშინია ღირსების შელახვის და შერცხვენის, ვიღაცას - მარტოობის და
მიტოვების, ვიღაცას - იმის, რომ ზოგადად, ცხოვრება არ შედგება ისე, როგორც მას
სურდა. ამას თუ დავუმატებთ სიბნელის შიშს, სხვადასხვა ცხოვრებისეულ მოვლენათა
შიშს, ბევრისთვის დამახასიათებელ შიშს შეუცნობლის მიმართ, შედეგად მივიღებთ, რომ
ადამიანს ეშინია არა ცალკეული მოვლენების,
არამედ მთლიანი ცხოვრების, როგორც ერთგვარი უნიკალური ფაქტის, რომლის წინაშეც იგი აღმოჩნდა ამ ქვეყნად მოვლენისთანავე.
რა
არის შიშის საფუძველი? პირველ რიგში ის, რომ ადამიანმა მეტწილად არ იცის რა არის
სიცოცხლე, რისთვის მიეცა მას იგი. მაშინაც კი, როცა თითქოსდა ხვდება და აცნობიერებს, არც ცოდნა და არც
შემეცნება გულიდან არ მომდინარეობს. ამიტომაც ადამიანს გაცილებით ეადვილება არა
ცხოვრება, არამედ სადღაც სოროში, საკუთარ ოთახში გამოკეტილი არსებობა იმის იმედად,
რომ თავს აარიდებს სერიოზულ გადაწყვეტილებებს, განსაცდელებს, რყევებს, რომელთა
გარეშეც ადამიანის ცხოვრება არ მიმდინარეობს. მეტიც, სწორედ თავის ცხოვრებაში
გადატანილი არაერთი სირთულის და -ჩვენი თემის კონტექსტში- „საშიშროების“ განცდით
ყალიბდება ადამიანი. და უეჭველია, რომ მსგავსი განრიდება არა მხოლოდ მნიშვნელოვან
ცხოვრებისეულ შთაბეჭდილებებს უკარგავს შეშინებულს, არამედ მისი პიროვნების
დეფორმირებასაც იწვევს - საშუალებას არ აძლევს ჩამოყალიბდეს ღვთიური განზრახულობის
შესაბამისად. თუ ამასთან ერთად ადამიანი დინებას მიყვება და საკუთარ შიშს ერთგვარ
ნორმად მიიჩნევს, ამან შესაძლოა საერთოდ
დაანგრიოს იგი - მიიყვანოს ფსიქიკური აშლილობის ზღვრამდე. ამიტომ ცხადია, შიშს არ
უნდა შევეპუოთ, არ შეიძლება მასთან თანაცხოვრება, არ შეიძლება მისი შესისხლხორცება
- იგი უნდა დავძლიოთ, მას უნდა ვებრძოლოთ მთელი ცხოვრების მანძილზე.
წმინდა მამათა გამოცდილება
შიშის დასაძლევად მისკენ გავემართოთ
არის შიშთან ბრძოლის ერთი შესანიშნავი პრინციპი,
რომელიც აღწერილი აქვთ წმინდა მამებს და რომლის გამოყენებაც შესაძლებელია
პრაქტიკულად ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში: შიშის დასაძლევად მისკენ გავემართოთ.
რას ნიშნავს ეს? სიცხადისთვის შეიძლება მაგალითად ის რჩევა გავიხსენოთ, რომელსაც
თავის თანამედროვეებს, სინაის უდაბნოს მონაზვნებს, აძლევდა ღირსი იოანე კიბისაღმწერელი
- ღამის ეშმაკისეული შიშის მოზღვავებისას გასულიყვნენ სასაფლაოზე და იქ ელოცათ. აქვე
ვიტყვი, რომ არავის ვურჩევ დღეს ასე მოქცევას, ვინაიდან ეს ღვაწლი შეთავაზებული
იყო მეუდაბნოეთათვის, რომელთა ცხოვრების პირობები ჩვენისგან მნიშვნელოვნად
განსხვავდებოდა. თუმცა ზოგადი პრინციპი სწორედ ასეთია. გეშინია? წადი იქით, სადაც
ძლიერ შეგეშინდება და იქ დაძლიე შენი შიში.

ღირსი
ისააკ ასური ამბობს, რომ თუ სიკვდილისკენ ისწრაფი, სიკვდილი შენგან გაიქცევა. ცხადია,
აქ არ მოიაზრება სიგიჟის ჩადენა, არამედ იგულისხმება, რომ კონკრეტული საშიშროებისადმი
დამოკიდებულების შეცვლით, ჩვენ მისი შიშისგან მთელი ცხოვრების განმავლობაში
გავითავისუფლებთ თავს. უბრალო მაგალითი: ბავშვს ეშინია სიბნელეში დაძინების.
არსებობს ორი გზა: ღამით დავტოვოთ ანთებული შუქი და მაშინ იგი ზრდასრულ ასაკამდე
იძინებს სინათლეში, ან ავიყვანოთ ხელში და თავდაპირველად ფარნით, შემდგომ კი ხელის
ცეცებით შემოვიაროთ ბნელი ბინა და ვაჩვენოთ მას, რომ სიბნელეში არავინ იმალება.
ყველა სიტუაციაში უნდა დავფიქრდეთ, როგორ შევუტიოთ საკუთარ შიშს. აი, კიდევ ერთი
გავრცელებული მაგალითი: ადამიანს ერიდება მიმართოს სხვას თხოვნით. ასეთი
გადამეტებული სიმორცხვე ჩვეულებრივ ეფუძნება თავმოყვარეობას და სიამაყეს: ადამიანს
ეშინია სხვის წინაშე თავის დამდაბლება, საბრალოდ, უმწეოდ წარმოჩენა. ეს მარტივად
დაიძლევა: უბრალოდ ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაკეთებ იმას, რისიც მეშინია. მუდამ
უნდა ვიწრთობოდეთ ამაში, დავიწყოთ ელემენტარულიდან და სამომავლოდ თავდაჭერას უფრო
სერიოზულ შემთხვევებშიც შევძლებთ.
ერთადერთი,
რაშიც ადამიანური შიში სასარგებლოა, არის ის, რომ გარკვეულწილად აფხიზლებს ადამიანს.
ყველაზე ტრივიალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ხდება ხოლმე, ადამიანი მთვრალია,
მაგრამ იქმნება ექსტრემალურ ვითარება, საფრთხის შემცველი გარემოება და უცებ ის
სრულიად ფხიზლდება. ზუსტად იგივე ხდება ჩვენ შინაგან ცხოვრებაში: უეცრად
გაელვებულ, გამჭოლ ფიქრს სიკვდილზე, სიცოცხლის დაკარგვის შიშის განცდას, შეუძლია
შინაგანად მოაფხიზლოს ადამიანი, განაწყოს ის საკუთარი ცხოვრების გზის გადასახედად.
თუმცა ხშირად, მსგავსი გარემოებები მორწმუნე ადამიანზეც კი, გამომაფხიზლებლად არ მოქმედებს, არამედ პანიკაში აგდებს და გონებას უბინდავს.
დავძლიოთ შიში, რათა გადავრჩეთ
ადამიანები ხშირად ამბობენ:
როგორ არ უნდა გვეშინოდეს რეალური საფრთხის? დავუშვათ რაღაც სტიქიური მოვლენა
ხდება...“. იმ შემთხვევაში, როცა საშიშროება რეალურია, შიშის გრძნობა ბუნებრივია
ადამიანისთვის: თვითგადარჩენის ინსტიქტს ორგანიზმი განგაშის მდგომარეობაში
გადაჰყავს. თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ შიშზე აყოლა
უსარგებლოა-ამით საშიშროება არ მცირდება. პირიქით, ძლიერ შეშინებული ადამიანი
კარგავს აქტიური მოქმედებების უნარს და მეტად მოწყვლადია: ხელ-ფეხი ერთმევა, ჰაერი
არ ჰყოფნის, რეალობის ვეღარ აღიქვამს. და თუ ამ დროს ცეცხლმოკიდებული სახლიდან გაქცევაა
საჭირო? და თუ ამ სახლიდან ვინმე გამოსაყვანია? ცხადია, რომ იმ ადამიანს, რომელსაც
მეტნაკლებად გააჩნია ემოციის კონტროლის უნარი, გადარჩენის მეტი შანსი აქვს, ვიდრე
იმას, ვისაც სრულად შეიპყრობს შიში.
როგორ
ავიცილოთ ეს თავიდან? შიშისგან გასათავისუფლებლად, პირველ რიგში, გონებას უნდა
მოვუხმოთ. შეიძლება საკუთარ თავს ვუთხრათ: „მე მეშინია, მე ძლიერ შეშინებული ვარ,
მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ძლიერ ვარ შეშინებული, უნდა დავძლიო შიში - ეს საჭიროა
გადასარჩენად“. უნდა გავაცნობიეროთ, რომ შეშინება ყველაზე საშიშია. შიში მტანჯველი
გრძნობაა. იგი იმაზე უარესია, რისიც გვეშინია. მეტწილად სწორედ შიში კლავს და არა
მისი გამოწვევი გარემოება. შიშის შიშით დავძლიოთ შიში - ასეთია სწორი ფორმულირება,
რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ის. წინააღმდეგ შემთხვევში რთული
მდგომარეობიდან თავს ვერ დავაღწევთ.
არა მხოლოდ სისუსტე, არამედ
ცოდვაც
შიშის საფუძველი ყოველთის
ღმერთისადმი უნდობლობაა
თუ შიშს
სულიერი თვალსაზრისით განვიხილავთ, მისი საფუძველში ღვთისადმი უნდობლობას
აღმოვაჩენთ. ამიტომ ის არა მხოლოდ ხოლოდ
განსაცდელი, ადამიანური სისუსტე და უძლურებაა, არამედ ცოდვაც. თუ ადამიანს თავის
ცხოვრებაში რამის ეშინია, ეს უმეტეს შემთხვევაში ნიშნავს: ან ფიქრობს, რომ რაღაც
მომენტში ღმერთი მასზე არ ზრუნავს, მივიწყებული ჰყავს, რაც თავისთავად ღვთის
გმობაა; ან თვლის, რომ ღმერთს იგი არ უყვარს, რაც ასევე ღვთის გმობაა, ვინაიდან ღმერთს
ყველა უყვარს. თუ ადამიანი თვლის, რომ რაღაც მიზეზის გამო, ღმერთს სურს ისეთი რამ
დამართოს, რაც ავნებს და რაც მისთვის ცუდი იქნება - ესეც ღვთის გმობა და საშინელი
უნდობლობაა. ეს ასევე ცხადი უმადურობაც არის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც
შიში შეგვიპყრობს, ჩვენ ამ გრძნობის გულში შემოშვებას არ ვაკავშირებთ იმ
შეურაცხყოფასთან, რომელსაც ღვთაებრივ სიყვარულს ვაყენებთ. არადა უნდა
ვაკავშირებდეთ. ჩვენ თავს აუცილებლად უნდა შევახსენოთ სახარებისეული სიტყვები იმის
შესახებ, რომ ჩვენი ზეციური მამის გარეშე თვით უმცირესი ჩიტიც არ დაეცემა მიწაზე
და ჩვენ თავზე ყოველი ღერი თმა სათითაოდ დათვლილია (მათე 10, 29-30). ამის შემდეგ
კი, სასარგებლოა თუ ვიტყვით: „ღმერთო, რაც შენ გინდა, რაც შენ გსურს ჩემთვის, დაე
იყოს ისე“.
ადამიანი, რომელიც მოგვიანებით
მონანიების იმედით განზრახ სცოდავს, უმეტესად ვერ ასწრებს აღსარებას - მოულოდნელად
იღუპება
ხშირად
ადამიანის შიში თითქოსდა რელიგიურ გრძნობას ეფუძნება-არ გარდაიცვალოს
მოულოდნელად, მოუმზადებლად, მაგრამ წმინდა მამათა, კერძოდ აბბა დოროთეს თქმით,
ღმერთს არასდროს მიჰყავს საუკუნო ცხოვრებისთვის მზადების მოსურნე, სანამ
არ დაეხმარება მას საამისოდ გააკეთოს შესაძლებლობის მაქსიმუმი. სხვა საქმეა, როცა
ადამიანი უგუნარად ფლანგავს სიცოცხლეს - ამ შემთხვევაში მისი სიკვდილი მართლაც
შეიძლება უეცარ უბედურებად წარმოჩნდეს. ღირსი ისააკ ასური ამბობს, რომ ვინც განზრახ სცოდავს სამომავლოდ მონანიების იმედით, მეტწილად ვერ ასწრებს აღსარებას,
ვინაიდან მოულოდნელად გარდაიცვლება. თუმცა, თუ ჩვენ ვებრძვით ცოდვებს და ვნებებს,
გულწრფელად ვინანიებთ დაბრკოლებისას, არ უნდა გვაშფოთებდეს უეცარ სიკვდილზე
ფიქრი. ადამიანი, ბუნებრივად თუ ექსტრემალურ ვითარებაში, მაშინ გარდაიცვლება, როცა
ღმერთი მოუხმობს. ჩვენმა გულმა უნდა ისწავლოს ამაში სიხარულის და სიმშვიდის
მოძიება, ვინაიდან ღმერთი ყველაფერს წყალობითა და ჩვენი სიყვარულთ აკეთებს.
იღუმენი
ნექტარიოსი (მოროზოვ)