понедельник, 17 июля 2017 г.

მესამე ტალღა


      1967 წელს რონ ჯონსი ისტორიას ასწავლიდა კალიფორნიაში, პალო-ალტოში, ელვუდ კაბერლეს სკოლაში. მეორე მსოფლიო ომის შესწავლის დროს, ერთ-ერთი მოსწავლე დაინტერესდა იმით, თუ როგორ დაუშვეს გერმანიის მოქალაქეებმა საკონცენტრაციო ბანაკების არსებობა და ადამიანთა მასობრივი განადგურების იგნორირება. ვინაიდან კლასი სასწავლო პროგრამას წინსწრებით გადიოდა, ჯონსმა გადაწყვიტა ერთი კვირა დაეთმო ამ საკითხთან დაკავშირებული ექსპერიმენტისთვის.
    ორშაბათს, მან ბავშვებს წაუკითხა ლექცია დისციპლინის ძალაზე. საუბრობდა სპორტსმენის გრძნობებზე, რომელიც ბეჯითად და რეგულარულად ვარჯიშობდა, რათა მიეღწია წარმატებისთვის სპორტის ამა თუ იმ სახეობაში, იმაზე თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ბალერინა ან მხატვარი თითოეული მოძრაობის დასახვეწად, საკვლევი იდეით გატაცებული მეცნიერის მოთმინებაზე. ჯონსმა აუხსნა მოსწავლეებს, რომ სწავლას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მაგიდასთან ჯდომის მანერა - "სმენა" და უბრძანა ამ მდგომარეობაში დასხდომა. შემდეგ არაერთგზის წამოაყენა კლასი ფეხზე და კვლავ დასხა "ახალ" მდგომარეობაში; გაიყვანა აუდიტორიიდან, და უბრძანა უხმაუროდ დაბრუნება თავიანთ ადგილებზე.
      სამშაბათს, კლასში შესულმა მასწავლებელმა აღმოაჩინა, რომ ყველა იჯდა "სმენის" პოზიციაში. ზოგიერთს ეღიმებოდა, მაგრამ უმეტესობას წინ მიეპყრო დაძაბული მზერა, არ ეტყობოდათ ღიმილის ნიშანწყალიც კი, არაფერი იკითხებოდა მათ თვალებში და არავინ სვამდა შეკითხვას. 
ჯონსმა აუხსნა კლასს ერთობის ძალა. უბრძანა მოსწავლეებს გუნდურად სკანდირება: "ძალა დისციპლინაშია, ძალა ერთობაშია". ბავშვები დაუფარავი აღფრთოვანებით ასრულებდნენ დავალებას და რწმუნდებოდნენ თავიანთი ჯგუფის სიძლიერეში. გაკვეთილის ბოლოს, ჯონსმა მათ წარმოუდგინა ახალი მისასალმებელი ჟესტი - აწეული მოხრილი ხელის მხართან მიტანა - და ამას მესამეტალღელთა სალუტი უწოდა. შემდგომ დღეებში ჯგუფის წევრები რეგულარულად ესალმებოდნენ ერთმანეთს ახალი ჟესტით.
        ოთხშაბათს ჯონსმა ყველა მონაწილეს დაურიგა საწევრო ბილეთი. არც ერთ მათგანს არ მოუსურვებია აუდიტორიის დატოვება. მეტიც, 13 მოსწავლემ სხვა გაკვეთილი მიატოვა, რათა ექსპერიმენტში მიეღო მონაწილეობა. ჯილდოდ ყველა მათგანმა მიიღო საწევრო ბილეთი. სამ მოწმობაზე მასწავლებელმა დასვა წითელი ჯვარი და მათ მფლობელებს დაავალა იმათი დაბეზღება, ვინც კლასის წესებს არ ემორჩილებოდა, თუმცა ამ სამის გარდა, ჯგუფის ოცამდე წევრმა ნებაყოფლობით ითავა ეს მისია. ერთი კუნთმაგარი მოსწავლე, რომელიც სწავლისადმი ნაკლებად იყო მიდრეკილი, ჯონსს პირად მცველად დაუდგა და სკოლაში კუდში დასდევდა. სამმა გოგონამ, რომელთა საუკეთესო აკადემიური მონაცემები ახალ პირობებში არავის დასჭირდა, ექსპერიმენტის თაობაზე მშობლებს შეატყობინა. შედეგად, ჯონსს ადგილობრივი რაბინი დაუკავშირდა, რომელიც არა მხოლოდ დაკმაყოფილდა მასწავლებლის განმარტებით იმის თაობაზე, რომ ექსპერიმენტის მიზანს გერმანული ტიპის პიროვნების პრაქტიკული შესწავლა წარმოადგენდა, არამედ სამივე მოსწავლის მშობლებთან შუამდგომლობაც აღუთქვა. ჯონსი საოცრად გულგატეხილი იყო იმით, რომ ექსპერიმენტი უფროსების მხრიდანაც არ აწყდებოდა არანაირ წინააღმდეგობას - სკოლის დირექტორიც მესამე ტალღის სალუტით ესალმებოდა. დღის ბოლოს ორგანიზაციაში ორასზე მეტი წევრი მიიღეს. ბევრი სრული სერიოზულობით აღიქვამდა მესამე ტალღის წევრობას. ისინი მონაწილეებისგან წესების მკაცრ დაცვას მოითხოვდნენ და ცდილობდნენ დაეშინებინათ სხვები - ვინც ექსპერიმენტს არასერიოზულად მიიჩნევდა.
      ხუთშაბათისთვის მოსწავლეთა რაოდენობამ კლასში ოთხმოცს მიაღწია. ჯონსი საუბრობდა ღირსებაზე: "ღირსება მეტია ვიდრე დროშები და სალუტი. ღირსება ისაა, რასაც ვერავინ წაგვართმევს. იყო ღირსეული - ნიშნავს იცოდე, რომ საუკეთესო ხარ... ამ გრძნობას ვერ გაანადგურებ...". მან დაარწმუნა მოსწავლეები, რომ ისინი ნაციონალური ახალგაზრდული პროგრამის ნაწილს წარმოადგენდენ, რომლის მიზანი ხალხის საკეთილდღეო პოლიტიკური ცვლილებების განხორციელება იყო.
-"ყველაფერი რაც აქამდე ვაკეთეთ, ნამდვილი საქმისთვის მზადების ეტაპია. წინამძღოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებენ და წვრთნიან ახალგაზრდულ რაზმებს, რომლებიც დისციპლინის, ერთობის, ღირსების და მოქმედების გზით შეძლებენ აჩვენონ ერს, რომ საზოგადოებას შეუძლია იყოს უკეთესი. თუ ჩვენ შევძლებთ ამ სკოლაში წესრიგის შეცვლას, ჩვენ შევძლებთ შევცვალოთ წესრიგი ფაბრიკებში, მაღაზიებში, უნივერსიტეტებში და ყველა სხვა ორგანიზაციაში.  თქვენ ამ საქმის ხელშემწყობი რჩეული ახალგაზრდები ხართ. თუ თქვენ გამოხვალთ და აჩვენებთ რა ისწავლეთ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ხალხის მომავლის შეცვლას". ჯონსმა უბრძანა ბადრაგის ოთხ წევრს, აუდიტორიიდან ბიბლიოთეკაში გაეყვანათ სამი გოგონა, რომელთა ლოიალურობა საეჭვო იყო. შემდეგ აცნობა, რომ პარასკევს, შუადღეს, მესამე ტალღის შესახებ ტელევიზიით ისაუბრებდა მოძრაობის ლიდერი და პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი.
     პარასკევს ორასმა მოსწავლემ გაავსო კაბინეტი. არ იყო არც ერთი თავისუფალი ადგილი. ყველგან ეკიდა მესამე ტალღის დროშები. ზუსტად 12 საათზე ჯონსმა დაკეტა ყველა კარი და თითოეულ მათგანთან მცველი დააყენა. ჯონსის მეგობრები აუდიტორიაში მიმოდიოდნენ და ფოტოგრაფებს განასახიერებდნენ.
-"სანამ ნაციონალურ პრეს-კონფერენციას ჩავრთავთ, რომელიც ხუთიოდ წუთში დაიწყება, მე მსურს პრესას ვაჩვენოთ ჩვენი მზაობა" - თქვა მასწავლებელმა და მესამე ტალღის ჟესტით მიესალმა მათ. პასუხად 200 ხელი აღიმართა. "ძალა დისციპლინაშია" - დაიძახა ჯონსმა და მრავალხმიანმა გუნდმა მყისიერად აიტაცა შეძახილი. დევიზი მრავალჯერ გაიმეორეს და ის ყოველ ჯერზე უფრო ხმამაღლა გაისმოდა. პირველის ხუთ წუთზე ჯონსმა ტელევიზორი ჩართო, მაგრამ ეკრანზე არავინ ჩანდა.
   მასწავლებელმა მოსწავლეებს მიმართა: "ყურადღებით მომისმინეთ! არავითარი ბელადი არ არსებობს. არ არსებობს არც ნაციონალური ახალგაზრდული მოძრაობა "მესამე ტალღა". თქვენით მანიპულირებდნენ, თქვენ საკუთარი ამბიციები გამოძრავებდათ და აღმოჩნდით იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა იმყოფებით. თქვენ არაფრით ხართ იმ გერმანელებზე უკეთესები ან უარესები, რომლებსაც შეისწავლიდით. თქვენ ფიქრობდით, რომ რჩეულები იყავით, მათზე უმჯობესი, ვინც ამ ოთახში არ იმყოფება. თქვენ გაცვალეთ თავისუფლება სიმყუდროვეზე, რომელსაც დისციპლინა და სხვაზე აღმატებულობის განცდა იძლევა. თქვენ არჩიეთ საკუთარი შეხედულებების უარყოფა ჯგუფის ნების და დიდი ტყუილის სანაცვლოდ". ამის შემდეგ ჯონსმა მოსწავლეებს აჩვენა ფილმი ნაცისტურ გერმანიაზე - ფილმი ჩირაღდნებით მსვლელობაზე, დისციპლინაზე, აღლუმებზე და დასარულზე.
   ბოლოს, მასწავლებელმა დაასკვნა: "თუ ჩვენ ბოლომდე გავითავისეთ გერმანული მენტალიტეტი, არც ერთი ჩვენგანი არასდროს არ აღიარებს, რომ იმყოფებოდა მესამე ტალღის შეკრებაზე. ისევე როგორც გერმანელებს, თქვენც გაგიჭირდებათ გამოუტყდეთ საკუთარ თავს, რა ღრმად შეტოპეთ".

вторник, 7 марта 2017 г.

კანონი მეტიჩრობის თავისუფლების შესახებ

...

1. სახელმწიფო ცნობს და იცავს მეტიჩრობის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობ.

2. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს ჩათვლით, აქვს მეტიჩრობის თავისუფლება, რაც გულისხმობს:

) აზრობი აბსოლუტურ თავისუფლებას;
) პოლიტიკური მატრაკვეცობის თავისუფლებას;
) ნებისმიერი ფორმის ჭორის და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას;
) ზრდილობის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო უპასუხისმგებლობას და ცრურიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ჭორის წყაროს საიდუმლოობა;
) სწავლის, სწავლებისა და კვლევის დაკიდების თავისუფლებას;
) გაურკვეველ ენაზე მეტყველების, ნებისმიერი დამწერლობის გამოყენების უფლებას;
) ველმოქმედების უფლებას;
) გინების თავისუფლებას და მაებელთა დაცვას
) თავისუფლებას თავშეკავებისგან, აფრქვიოს თავისი შეხედულება რწმენის, აღმსარებლობის, სინდისისა და მსოფლმხედველობის, ეთნიკური, კულტურული და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, აგრეთვე ყველაფრის შესახებ, რისთვისაც ყური მოუკრავს, სიზმრად უნახავს ან ჭორად გაუგონია.
... 😃 😃 😃

четверг, 5 января 2017 г.

ბიოსფერო-2


ბიოსფერო-2
  1985 წელს ორასზე მეტი ამერიკელი მეცნიერი და ინჟინერი გაერთიანდა, რათა სონორის უდაბნოში (არიზონის შტატი) აეგოთ უზარმაზარი შუშის შენობა, სადაც განათავსებდნენ დედამიწის ფლორისა და ფაუნის სახეობებს. დაგეგმილი იყო ზემოხსენებული ნაგებობის ჰერმეტულად დაგმანვა, რათა მასში მზის ენერგიის გარდა არ შეეღწია არანაირ გარეშე ენერგიას ან ნივთიერებას და აპირებდნენ აქ ორი წლით ჩაესახლებინათ რვა მოხალისისგან შემდგარი "ბიონავტების" ჯგუფი (ოთხი მამაკაცი და ოთხი ქალი). ექსპერიმენტის მიზანი იყო შეექმნათ ჩაკეტილი ეკოლოგიური სისტემა, ბუნებრივ მდგომარეობაში შეესწავლათ კავშირები ბიოსფეროში და შემოწმებინათ ავტონომიურ სისტემაში ადამიანების ხანგრძლივად ცხოვრების შესაძლებლობა, მაგალითად შორეული კოსმოსური ფრენებისას. ჟანგბადი უნდა გამოემუშავებია მცენარეებს, წყლის არსებობას, როგორც ვარაუდობდნენ, უზრუნველყოფდა ბუნებრივი ცირკულაცია და ბიოლოგიური თვითგაწმენდის პროცესები, საკვებს - მცენარეები და ცხოველები. მშენებლობა უზრუნველყო კომპანია «Space Biosphere Ventures»-მა და ამერიკელმა მილიარდელმა ედვარდ ბასმა.
   შენობის შიდა ფართობი (1,3 ჰა) იყოფოდა 3 ძირითად ნაწილად. პირველში განთავსდა დედამიწის მახასიათებელი 5  ეკოსისტემის ბუნებრივი მოდელი: ტროპიკული ტყის უბანი, "ოკენე" (ავზი მარილიანი წყლით), უდაბნო, სავანა "მდინარით" და ჭაობი. ხუთივეში მოათავსეს ფლორის და ფაუნის ზოოლოგების და ბოტანიკოსების მიერ შერჩეული 3000-მდე სახეობა. ნაგებობის მეორე ნაწილი დაუთმეს სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემას: ჰექტარის მეოთხედზე მოშენებულ საჭმელად ვარგის მცენარეებს (139 სახეობა ტროპიკული "ტყის" ხეხილთან ერთად), თევზის ტბორს (სადაც გაუშვეს ტილაპია, როგორც ადვილად მოსავლელი, სწრაფარდ მზარდი და გემრიელი სახეობა) და ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური წმენდის ნაკვეთურს. მესამე ნაწილში განათავსეს "ბიონავტების" საცხოვრებელი ნაკვეთურები (თითოეულისთვის 33 კვ.მ, საერთო სასადილოთა და სასტუმრო ოთახით). კომპიუტერებისა და ღამის განათებისთვის საჭირო ენერგიას უზრუნველყოფდნენ მზის ბატარეები.    
1991 წლის სექტემბრის ბოლოს რვა მოხალისე "ამოიქოლა" შუშის ორანჟერეაში. პრობლებემი მალევე დაიწყო: მონაწილეებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, უჩვეულოდ ღრუბლიანმა ამინდებმა ფოტოსინთეზის პროცესის შენელება გამოიწვია, ნიადაგში მომრავლდა ბაქტერიები, რომლებიც ჟანგბადს შთანთქავდნენ და ამის გამო, 16 თვის განმავლობაში ჟანგბადის შემცველობამ ჰაერში იკლო, ნორმალური 21%-დან 14%-მდე, რამაც მისი გარე წყაროდან დამატების აუცილებლობა წარმოშვა. საჭმელად ვარგისი მცენარეების მოსავალიც დაგეგმილზე ნაკლები მოიწიეს. ბიოსფერო-2-ს მოსახლეები სისტემატურად შიმშილობდნენ (იმის მიუხედავად, რომ ნოემბერშივე გამოიყენეს საკვები რეზერვები, ცდის ორწლიანი მიმდინარეობისას მონაწილეების წონამ საშუალოდ 13%-ით დაიკლო). გაქრნენ მცენარეთა დამტვერვის უზრუნველმყოფი მწერები (მთლიანობაში განადგურდა სახეობათა 15-დან 30%-მდე), სამაგიეროდ გამრავლდნენ ტარაკანები, რომლებიც იქ არავის განუთავსებია. 
მიუხედავად იმისა, რომ "ბიონავტებმა" შეძლეს ჩაკეტილ სისტემაში დაგეგმილი ორი წლის გატარება, ექსპერიმენტი წარუმატებლად მიიჩნიეს. თუმცა ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა რა სუსტი და მოწყვლადია ჩვენი სიცოცხლის უზრუნველმყოფი ბიოსფეროს მექანიზმები. "პლანეტის" ერთ-ერთ კედელზე დღემდეა შემორჩენილის პროექტის მონაწილე ქალის მინაწერი: "მხოლოდ აქ ვიგრძენით, როგორ ვართ დამოკიდებულნი ბუნებაზე. არ იქნება ხეები - ვერ ვისუნთქებთ, დაბინძურდება წყალი - ვერაფერს დავლევთ".
ამჟამად გიგანტური შენობა ცხოველებზე და მცენარეებზე წარმოებული ცალკეული ცდებისთვის გამოიყენება.