четверг, 5 января 2017 г.

ბიოსფერო-2


ბიოსფერო-2
  1985 წელს ორასზე მეტი ამერიკელი მეცნიერი და ინჟინერი გაერთიანდა, რათა სონორის უდაბნოში (არიზონის შტატი) აეგოთ უზარმაზარი შუშის შენობა, სადაც განათავსებდნენ დედამიწის ფლორისა და ფაუნის სახეობებს. დაგეგმილი იყო ზემოხსენებული ნაგებობის ჰერმეტულად დაგმანვა, რათა მასში მზის ენერგიის გარდა არ შეეღწია არანაირ გარეშე ენერგიას ან ნივთიერებას და აპირებდნენ აქ ორი წლით ჩაესახლებინათ რვა მოხალისისგან შემდგარი "ბიონავტების" ჯგუფი (ოთხი მამაკაცი და ოთხი ქალი). ექსპერიმენტის მიზანი იყო შეექმნათ ჩაკეტილი ეკოლოგიური სისტემა, ბუნებრივ მდგომარეობაში შეესწავლათ კავშირები ბიოსფეროში და შემოწმებინათ ავტონომიურ სისტემაში ადამიანების ხანგრძლივად ცხოვრების შესაძლებლობა, მაგალითად შორეული კოსმოსური ფრენებისას. ჟანგბადი უნდა გამოემუშავებია მცენარეებს, წყლის არსებობას, როგორც ვარაუდობდნენ, უზრუნველყოფდა ბუნებრივი ცირკულაცია და ბიოლოგიური თვითგაწმენდის პროცესები, საკვებს - მცენარეები და ცხოველები. მშენებლობა უზრუნველყო კომპანია «Space Biosphere Ventures»-მა და ამერიკელმა მილიარდელმა ედვარდ ბასმა.
   შენობის შიდა ფართობი (1,3 ჰა) იყოფოდა 3 ძირითად ნაწილად. პირველში განთავსდა დედამიწის მახასიათებელი 5  ეკოსისტემის ბუნებრივი მოდელი: ტროპიკული ტყის უბანი, "ოკენე" (ავზი მარილიანი წყლით), უდაბნო, სავანა "მდინარით" და ჭაობი. ხუთივეში მოათავსეს ფლორის და ფაუნის ზოოლოგების და ბოტანიკოსების მიერ შერჩეული 3000-მდე სახეობა. ნაგებობის მეორე ნაწილი დაუთმეს სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემას: ჰექტარის მეოთხედზე მოშენებულ საჭმელად ვარგის მცენარეებს (139 სახეობა ტროპიკული "ტყის" ხეხილთან ერთად), თევზის ტბორს (სადაც გაუშვეს ტილაპია, როგორც ადვილად მოსავლელი, სწრაფარდ მზარდი და გემრიელი სახეობა) და ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური წმენდის ნაკვეთურს. მესამე ნაწილში განათავსეს "ბიონავტების" საცხოვრებელი ნაკვეთურები (თითოეულისთვის 33 კვ.მ, საერთო სასადილოთა და სასტუმრო ოთახით). კომპიუტერებისა და ღამის განათებისთვის საჭირო ენერგიას უზრუნველყოფდნენ მზის ბატარეები.    
1991 წლის სექტემბრის ბოლოს რვა მოხალისე "ამოიქოლა" შუშის ორანჟერეაში. პრობლებემი მალევე დაიწყო: მონაწილეებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, უჩვეულოდ ღრუბლიანმა ამინდებმა ფოტოსინთეზის პროცესის შენელება გამოიწვია, ნიადაგში მომრავლდა ბაქტერიები, რომლებიც ჟანგბადს შთანთქავდნენ და ამის გამო, 16 თვის განმავლობაში ჟანგბადის შემცველობამ ჰაერში იკლო, ნორმალური 21%-დან 14%-მდე, რამაც მისი გარე წყაროდან დამატების აუცილებლობა წარმოშვა. საჭმელად ვარგისი მცენარეების მოსავალიც დაგეგმილზე ნაკლები მოიწიეს. ბიოსფერო-2-ს მოსახლეები სისტემატურად შიმშილობდნენ (იმის მიუხედავად, რომ ნოემბერშივე გამოიყენეს საკვები რეზერვები, ცდის ორწლიანი მიმდინარეობისას მონაწილეების წონამ საშუალოდ 13%-ით დაიკლო). გაქრნენ მცენარეთა დამტვერვის უზრუნველმყოფი მწერები (მთლიანობაში განადგურდა სახეობათა 15-დან 30%-მდე), სამაგიეროდ გამრავლდნენ ტარაკანები, რომლებიც იქ არავის განუთავსებია. 
მიუხედავად იმისა, რომ "ბიონავტებმა" შეძლეს ჩაკეტილ სისტემაში დაგეგმილი ორი წლის გატარება, ექსპერიმენტი წარუმატებლად მიიჩნიეს. თუმცა ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა რა სუსტი და მოწყვლადია ჩვენი სიცოცხლის უზრუნველმყოფი ბიოსფეროს მექანიზმები. "პლანეტის" ერთ-ერთ კედელზე დღემდეა შემორჩენილის პროექტის მონაწილე ქალის მინაწერი: "მხოლოდ აქ ვიგრძენით, როგორ ვართ დამოკიდებულნი ბუნებაზე. არ იქნება ხეები - ვერ ვისუნთქებთ, დაბინძურდება წყალი - ვერაფერს დავლევთ".
ამჟამად გიგანტური შენობა ცხოველებზე და მცენარეებზე წარმოებული ცალკეული ცდებისთვის გამოიყენება.