суббота, 31 декабря 2016 г.

შიში ყველაფერზე საშიშია (თარგმანი)

შიში ყველაფერზე საშიშია

სამოძღვრო სიტყვა
იღუმენი ნექტარიოსი (მოროზოვ).
 დღევანდელ მსოფლიოში ხმამაღლა განიხილება ადამიანური შიშის თემა. საამისო მიზეზიც საკმაოდ მრავალია. როგორ არ ვიქცეთ საკუთარი ფობიების და საფრთხეების განცდის მონად, როგორ დავძლიოთ ცხოვრების შიში და არ მივცეთ მას საშუალება ჩვენს განვითარებას ტოტალურ დაბრკოლებად ექცეს, რა მნიშვნელობა ენიჭება ქრისტიანულ ცხოვრებაში შიშთან ბრძოლას? - ამ თემებზე მსჯელობს იღუმენი ნექტარიოსი (მოროზოვ)
  შიში მრავალსახოვანია იმდენად, რამდენადაც რთულია ადამიანის სულის წყობა. ვიღაცას ეშინია გარდაუვალი სიკვდილის, ვიღაცას ეშინია ტკივილის, ვიღაცას ეშინია ავადმყოფობის და ნებიმიერი ტანჯვის, ვიღაცას ეშინია ღირსების შელახვის და შერცხვენის, ვიღაცას - მარტოობის და მიტოვების, ვიღაცას - იმის, რომ ზოგადად, ცხოვრება არ შედგება ისე, როგორც მას სურდა. ამას თუ დავუმატებთ სიბნელის შიშს, სხვადასხვა ცხოვრებისეულ მოვლენათა შიშს, ბევრისთვის დამახასიათებელ შიშს შეუცნობლის მიმართ, შედეგად მივიღებთ, რომ ადამიანს ეშინია არა ცალკეული  მოვლენების, არამედ მთლიანი ცხოვრების, როგორც ერთგვარი უნიკალური ფაქტის, რომლის წინაშეც იგი აღმოჩნდა ამ ქვეყნად მოვლენისთანავე.
    რა არის შიშის საფუძველი? პირველ რიგში ის, რომ ადამიანმა მეტწილად არ იცის რა არის სიცოცხლე, რისთვის მიეცა მას იგი. მაშინაც კი, როცა თითქოსდა  ხვდება და აცნობიერებს, არც ცოდნა და არც შემეცნება გულიდან არ მომდინარეობს. ამიტომაც ადამიანს გაცილებით ეადვილება არა ცხოვრება, არამედ სადღაც სოროში, საკუთარ ოთახში გამოკეტილი არსებობა იმის იმედად, რომ თავს აარიდებს სერიოზულ გადაწყვეტილებებს, განსაცდელებს, რყევებს, რომელთა გარეშეც ადამიანის ცხოვრება არ მიმდინარეობს. მეტიც, სწორედ თავის ცხოვრებაში გადატანილი არაერთი სირთულის და -ჩვენი თემის კონტექსტში- „საშიშროების“ განცდით ყალიბდება ადამიანი. და უეჭველია, რომ მსგავსი განრიდება არა მხოლოდ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ შთაბეჭდილებებს უკარგავს შეშინებულს, არამედ მისი პიროვნების დეფორმირებასაც იწვევს - საშუალებას არ აძლევს ჩამოყალიბდეს ღვთიური განზრახულობის შესაბამისად. თუ ამასთან ერთად ადამიანი დინებას მიყვება და საკუთარ შიშს ერთგვარ ნორმად მიიჩნევს,  ამან შესაძლოა საერთოდ დაანგრიოს იგი - მიიყვანოს ფსიქიკური აშლილობის ზღვრამდე. ამიტომ ცხადია, შიშს არ უნდა შევეპუოთ, არ შეიძლება მასთან თანაცხოვრება, არ შეიძლება მისი შესისხლხორცება - იგი უნდა დავძლიოთ, მას უნდა ვებრძოლოთ მთელი ცხოვრების მანძილზე.
წმინდა მამათა გამოცდილება
შიშის დასაძლევად მისკენ გავემართოთ
    არის შიშთან ბრძოლის ერთი შესანიშნავი პრინციპი, რომელიც აღწერილი აქვთ წმინდა მამებს და რომლის გამოყენებაც შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში: შიშის დასაძლევად მისკენ გავემართოთ. რას ნიშნავს ეს? სიცხადისთვის შეიძლება მაგალითად ის რჩევა გავიხსენოთ, რომელსაც თავის თანამედროვეებს, სინაის უდაბნოს მონაზვნებს, აძლევდა ღირსი იოანე კიბისაღმწერელი - ღამის ეშმაკისეული შიშის მოზღვავებისას გასულიყვნენ სასაფლაოზე და იქ ელოცათ. აქვე ვიტყვი, რომ არავის ვურჩევ დღეს ასე მოქცევას, ვინაიდან ეს ღვაწლი შეთავაზებული იყო მეუდაბნოეთათვის, რომელთა ცხოვრების პირობები ჩვენისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. თუმცა ზოგადი პრინციპი სწორედ ასეთია. გეშინია? წადი იქით, სადაც ძლიერ შეგეშინდება და იქ დაძლიე შენი შიში.
რა არის საჭირო ამ პრინციპის რეალიზებისთვის? უპირველესად, ყურადღება უნდა მივაპყროთ სახარებისეულ ეპიზოდს, რომელშიც მაცხოვარი გენესარეთის ტბის ზედაპირზე სვლით მიდის მოციქულებთან. ქრისტეს მოწაფეებისთვის ეს მომენტი შიშის განმაპირობებელია და იგი მომდინარეობს არა მხოლოდ ჩაძირვის საფრთხისგან, არამედ ქრისტეს გადაადგილების არაჩვეულებრივობისგან. როგორ იქცევა ამ დროს პეტრე მოციქული? იგი თავის შიშს სწორედ ისე დაძლევს, რის თაობაზეც ჩვენ ვსაუბრობდით: იმის ნაცვლად, რომ თვალდახუჭული მიიმალოს და თავი აარიდოს ამ საშიში სურათის ხილვას, იგი ითხოვს ნავიდან გადასვლის ბრძანებას და გაივლის აბობოქრებულ ტალღებზე.
  ღირსი ისააკ ასური ამბობს, რომ თუ სიკვდილისკენ ისწრაფი, სიკვდილი შენგან გაიქცევა. ცხადია, აქ არ მოიაზრება სიგიჟის ჩადენა, არამედ იგულისხმება, რომ კონკრეტული საშიშროებისადმი დამოკიდებულების შეცვლით, ჩვენ მისი შიშისგან მთელი ცხოვრების განმავლობაში გავითავისუფლებთ თავს. უბრალო მაგალითი: ბავშვს ეშინია სიბნელეში დაძინების. არსებობს ორი გზა: ღამით დავტოვოთ ანთებული შუქი და მაშინ იგი ზრდასრულ ასაკამდე იძინებს სინათლეში, ან ავიყვანოთ ხელში და თავდაპირველად ფარნით, შემდგომ კი ხელის ცეცებით შემოვიაროთ ბნელი ბინა და ვაჩვენოთ მას, რომ სიბნელეში არავინ იმალება. ყველა სიტუაციაში უნდა დავფიქრდეთ, როგორ შევუტიოთ საკუთარ შიშს. აი, კიდევ ერთი გავრცელებული მაგალითი: ადამიანს ერიდება მიმართოს სხვას თხოვნით. ასეთი გადამეტებული სიმორცხვე ჩვეულებრივ ეფუძნება თავმოყვარეობას და სიამაყეს: ადამიანს ეშინია სხვის წინაშე თავის დამდაბლება, საბრალოდ, უმწეოდ წარმოჩენა. ეს მარტივად დაიძლევა: უბრალოდ ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაკეთებ იმას, რისიც მეშინია. მუდამ უნდა ვიწრთობოდეთ ამაში, დავიწყოთ ელემენტარულიდან და სამომავლოდ თავდაჭერას უფრო სერიოზულ შემთხვევებშიც შევძლებთ.
   ერთადერთი, რაშიც ადამიანური შიში სასარგებლოა, არის ის, რომ გარკვეულწილად აფხიზლებს ადამიანს. ყველაზე ტრივიალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ხდება ხოლმე, ადამიანი მთვრალია, მაგრამ იქმნება ექსტრემალურ ვითარება, საფრთხის შემცველი გარემოება და უცებ ის სრულიად ფხიზლდება. ზუსტად იგივე ხდება ჩვენ შინაგან ცხოვრებაში: უეცრად გაელვებულ, გამჭოლ ფიქრს სიკვდილზე, სიცოცხლის დაკარგვის შიშის განცდას, შეუძლია შინაგანად მოაფხიზლოს ადამიანი, განაწყოს ის საკუთარი ცხოვრების გზის გადასახედად. თუმცა ხშირად, მსგავსი გარემოებები მორწმუნე ადამიანზეც კი, გამომაფხიზლებლად არ მოქმედებს, არამედ პანიკაში აგდებს და გონებას უბინდავს.
                                დავძლიოთ შიში, რათა გადავრჩეთ
   ადამიანები ხშირად ამბობენ: როგორ არ უნდა გვეშინოდეს რეალური საფრთხის? დავუშვათ რაღაც სტიქიური მოვლენა ხდება...“. იმ შემთხვევაში, როცა საშიშროება რეალურია, შიშის გრძნობა ბუნებრივია ადამიანისთვის: თვითგადარჩენის ინსტიქტს ორგანიზმი განგაშის მდგომარეობაში გადაჰყავს. თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ შიშზე აყოლა უსარგებლოა-ამით საშიშროება არ მცირდება. პირიქით, ძლიერ შეშინებული ადამიანი კარგავს აქტიური მოქმედებების უნარს და მეტად მოწყვლადია: ხელ-ფეხი ერთმევა, ჰაერი არ ჰყოფნის, რეალობის ვეღარ აღიქვამს. და თუ ამ დროს ცეცხლმოკიდებული სახლიდან გაქცევაა საჭირო? და თუ ამ სახლიდან ვინმე გამოსაყვანია? ცხადია, რომ იმ ადამიანს, რომელსაც მეტნაკლებად გააჩნია ემოციის კონტროლის უნარი, გადარჩენის მეტი შანსი აქვს, ვიდრე იმას, ვისაც სრულად შეიპყრობს შიში.  
    როგორ ავიცილოთ ეს თავიდან? შიშისგან გასათავისუფლებლად, პირველ რიგში, გონებას უნდა მოვუხმოთ. შეიძლება საკუთარ თავს ვუთხრათ: „მე მეშინია, მე ძლიერ შეშინებული ვარ, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ძლიერ ვარ შეშინებული, უნდა დავძლიო შიში - ეს საჭიროა გადასარჩენად“. უნდა გავაცნობიეროთ, რომ შეშინება ყველაზე საშიშია. შიში მტანჯველი გრძნობაა. იგი იმაზე უარესია, რისიც გვეშინია. მეტწილად სწორედ შიში კლავს და არა მისი გამოწვევი გარემოება. შიშის შიშით დავძლიოთ შიში - ასეთია სწორი ფორმულირება, რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ის. წინააღმდეგ შემთხვევში რთული მდგომარეობიდან თავს ვერ დავაღწევთ.
არა მხოლოდ სისუსტე, არამედ ცოდვაც
შიშის საფუძველი ყოველთის ღმერთისადმი უნდობლობაა
  თუ შიშს სულიერი თვალსაზრისით განვიხილავთ, მისი საფუძველში ღვთისადმი უნდობლობას აღმოვაჩენთ.  ამიტომ ის არა მხოლოდ ხოლოდ განსაცდელი, ადამიანური სისუსტე და უძლურებაა, არამედ ცოდვაც. თუ ადამიანს თავის ცხოვრებაში რამის ეშინია, ეს უმეტეს შემთხვევაში ნიშნავს: ან ფიქრობს, რომ რაღაც მომენტში ღმერთი მასზე არ ზრუნავს, მივიწყებული ჰყავს, რაც თავისთავად ღვთის გმობაა; ან თვლის, რომ ღმერთს იგი არ უყვარს, რაც ასევე ღვთის გმობაა, ვინაიდან ღმერთს ყველა უყვარს. თუ ადამიანი თვლის, რომ რაღაც მიზეზის გამო, ღმერთს სურს ისეთი რამ დამართოს, რაც ავნებს და რაც მისთვის ცუდი იქნება - ესეც ღვთის გმობა და საშინელი უნდობლობაა. ეს ასევე ცხადი უმადურობაც არის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც შიში შეგვიპყრობს, ჩვენ ამ გრძნობის გულში შემოშვებას არ ვაკავშირებთ იმ შეურაცხყოფასთან, რომელსაც ღვთაებრივ სიყვარულს ვაყენებთ. არადა უნდა ვაკავშირებდეთ. ჩვენ თავს აუცილებლად უნდა შევახსენოთ სახარებისეული სიტყვები იმის შესახებ, რომ ჩვენი ზეციური მამის გარეშე თვით უმცირესი ჩიტიც არ დაეცემა მიწაზე და ჩვენ თავზე ყოველი ღერი თმა სათითაოდ დათვლილია (მათე 10, 29-30). ამის შემდეგ კი, სასარგებლოა თუ ვიტყვით: „ღმერთო, რაც შენ გინდა, რაც შენ გსურს ჩემთვის, დაე იყოს ისე“.
ადამიანი, რომელიც მოგვიანებით მონანიების იმედით განზრახ სცოდავს, უმეტესად ვერ ასწრებს აღსარებას - მოულოდნელად იღუპება
    ხშირად ადამიანის შიში თითქოსდა რელიგიურ გრძნობას ეფუძნება-არ გარდაიცვალოს მოულოდნელად, მოუმზადებლად, მაგრამ წმინდა მამათა, კერძოდ აბბა დოროთეს თქმით, ღმერთს არასდროს მიჰყავს საუკუნო ცხოვრებისთვის მზადების მოსურნე, სანამ არ დაეხმარება მას საამისოდ გააკეთოს შესაძლებლობის მაქსიმუმი. სხვა საქმეა, როცა ადამიანი უგუნარად ფლანგავს სიცოცხლეს - ამ შემთხვევაში მისი სიკვდილი მართლაც შეიძლება უეცარ უბედურებად წარმოჩნდეს. ღირსი ისააკ ასური ამბობს, რომ ვინც განზრახ სცოდავს სამომავლოდ მონანიების იმედით, მეტწილად ვერ ასწრებს აღსარებას, ვინაიდან მოულოდნელად გარდაიცვლება. თუმცა, თუ ჩვენ ვებრძვით ცოდვებს და ვნებებს, გულწრფელად ვინანიებთ დაბრკოლებისას, არ უნდა გვაშფოთებდეს უეცარ სიკვდილზე ფიქრი. ადამიანი, ბუნებრივად თუ ექსტრემალურ ვითარებაში, მაშინ გარდაიცვლება, როცა ღმერთი მოუხმობს. ჩვენმა გულმა უნდა ისწავლოს ამაში სიხარულის და სიმშვიდის მოძიება, ვინაიდან ღმერთი ყველაფერს წყალობითა და ჩვენი სიყვარულთ აკეთებს.

იღუმენი ნექტარიოსი (მოროზოვ) 

вторник, 9 августа 2016 г.

წმინდა პანტელეიმონი



წმინდა მკურნალი პანტელეიმონი (+305)

ტროპარი: ღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

კონდაკი: მიმსგავსებულ იქმენ ყოვლად მოწყალისა, და მოიღე მადლი კურნებათა ღვაწლით შემოსილო მოწამეო ქრისტეს ღვთისაო, ლოცვითა შენითა სულთა ჩვენთა სენნი განჰკურნენ და განდევნენ ეშმაკის საცთურნი ჩვენგან, რომელნი ვღაღადებთ: გვაცხოვნენ ჩვენ, უფალო.

ფრესკა ქ.სკოპიეს (მაკედონია) მახლობლად მდებარე სოფლის, გორნო ნერეზის წმ. პანტელეიმონის მონასტრიდან (მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია, სკოპიეს ეპარქია). მდებარეობს ზღვის დონიდან 771 მ-ზე. დაარსებულია 1164 წელს, კომნენოსთა დინასტიის წარმომადგენლის, ალექსი ანგელ კომნენოსის მიერ.

воскресенье, 8 мая 2016 г.

კალენიკეს დაბრუნება

33 წლის უნდა ყოფილიყო 1942-ში. იქ, ქეჩში უნდა შესრულებოდა ქრისტეს ასაკი და ჯვარსაც აცვეს. 
ტატიანა ცინცაბაძე 
ბაბუა ერთი მახსოვს - დედაჩემის მამა ემელიანე (ბენია). საკმაოდ ბუნდოვნად, მაგრამ მახსოვს. უკვე ლოგინად იყო ჩავარდნილი და ღიმილით მასწავლიდა "აბდლურ" ლექსებს - 3 წლისას ეს მომენტი აღმებეჭდა მეხსიერებაში და დღემდე ტკბილ მოგონებად მომყვება, ოღონდ ახლა სხვა, გამოგონილ მოგონებაზე უნდა მოვყვე. 

ბებიაჩემი, გამოჩენილი კერძო ჩაის მკრეფავი (არ უყვარდა კოლმეურნეობაში მუშაობა), ისე გარდაიცვალა ბევრი არაფერი უთქვამს თავის ქმარზე. ან რა უნდა ეთქვა? 18 წლის გოგო 14 წლით უფროს კაცს მითხოვდა. ერთი წლის მერე ქმარი ომში წაიყვანეს და დარჩა ტატიანა თავის დარდთან, ახალჩასახულ სიცოცხლესთან და უამრავ ყოფით პრობლემასთან გასამკლავებლად. მარტო დარჩა და მარტო უმკლავდებოდა - აი ისე, მხოლოდ მაშინდელმა ქალებმა რომ იცოდნენ. ჰოდა, ან რა მოგონება უნდა დარჩენოდა, ან სად ეცალა მოსაგონებლად. მამაჩემს რომ მიმართავდნენ "კალენიკოვიჩო", ეს იყო სულ ბაბუაჩემის ხსენება ოჯახში. ვტყუი, ჩემს ძმასაც "კალეს" ეძახდა (ახლაც ეძახის) სამეგობრო. 
ქერჩი. აჯიმუშკაის ქვის სამტეხლო
ერთხელ, სოფელში, ძველი წიგნების იმ იმედით გადალაგებისას, ეგებ რამე ნორმალურს გადავაწყდე მეთქი (იქეთ მდარე ლიტერატურას, გაზეთებს და ჟურნალ "ნაუკა ი ჟიზნს"  ვაგზავნიდით და მაინცდამაინც დანიშნულებისამებრ არ ვიყენებდით), შემთხვევით აღმოვაჩინე ბროშურად გამოცემული სტალინის სიტყვა. დღესაც არ ვიცი რა არგუმენტებით ებძოდა "ერების მამა" ტროცკის და ტროცკისტებს, იქ ჩემი ყურადღება ყდის შიდა მხარეს გაკეთებულმა ხელნაწერმა მიიპყრო. "კალენიკე კალანდარიშვილი" - მოსწავლის მონდომებითაა გამოყვანილი ასოები. როგორც ბებიაჩემთან გავარკვიე, ნამდვილად კალეს მინაწერი ყოფილა. მერე ცოტაც მოაყოლა: განათლებული კაცი იყო საცოდავიო, აგარანომიო, ჭკუასაკითხავიო. წერილებს მწერდაო. ბოლო წერილი 42-ში მივიღე - სამკუთხა ბარათიო. ერგზობა იგიც მომწერა "თუ ნამეტარი მოგვაწვენ, თავის შეკვლას არ ვაპირებო", კაი ხანი მეგონა ჩამევიდოდაო...
კალენიკე (კალე) კალანდარიშვილი
არაა ურიგო სურათი: უსწავლელი არ ყოფილა, ძალიან უყვარდა ცოლი, უკვე შეძენილი შვილის გაცნობა უნდოდა, სიცოცხლე უყვარდა და "ურაპატრიოტობისაც" არაფერი ეცხო. მე მომეწონა. მერე, რომელიღაც დიდ საოჯახო სუფრაზე პირველად მოვიგონე სადღეგრძელოში და ასე დავაბრუნე შინ. წლების შემდეგ პანაშვიდი გადავუხადე ეკლესიაში. მადლობა გადავუხადე. იმისთვის, რომ... თუმცა ეს ქერჩში ჩახოცილი ქართველების შთამომავლობამ, ლამის მთელმა საქართველომ იცის. 
დღეს 8 მაისია - ქერჩის სასაკლაოს 74-ე წლისთავი. 8 მაისს დაიწყო ქერჩის დაბომბვა ჰიტლერმა და 18 მაისს 120000 ქართველი იწვა უცხო მიწაში (ესეც "დიადი" მხედართმთავრის, "გენიოსი" სტალინის აქტივშია). ამბობენ, დაადუღა ავიაციამ იქაურობაო, ვინც გადარჩა, ღორების კოლტიდან თავდახსნილმა, ხორცშესხმულმა სატანის ლეგიონმა მოუღო ბოლოო... 
ეს სურათიც იმ ხელნაწერივით ერთადერთია. ქვრივის ტკივილივით ბზარიანი. 
ქრისტე აღდგა კალენიკე ბაბუა!

четверг, 5 мая 2016 г.

ბოლო ადამიანი (თარგმანი)


სამყაროს დასასრულზე შეიძლება სხვადასხვაგვარად ისაუბრო. ერთნი ცდილობენ დრო და ვადები გათვალონ, მეორენი მიზეზის საკითხს არკვევენ. მართლაც, რატომ უნდა დასრულდეს ისტორია? რატომ განიზრახა ღმერთმა თაობათა ბუნებრივი  ცვლის შეწყვეტა გარკვეულ მომენტში.
ფილოსოფოსები და ღვთისმეტყველები თანხმდებიან, რომ სამყაროს დასასრულს ღმერთთან ურთიერთობის კულტურის კრიზისი გამოიწვევს. ფსიქოლოგთა მტკიცებით, ადამიანი, რომელიც ვერ ურთიერთობს თავის მსგავსთან, არ ვითარდება პიროვნულად და ბავშვი, რომელიც მგლებმა ან მაიმუნებმა გაზარდეს, ვერ თანაცხოვრობს ადამიანებთან. ანალოგიურად, ადამიანი, რომელმაც აღიკვეთა ღმერთთან ურთიერთობა, ვერ აღწევს განვითარების იმ მინიმალურ ზღვარსაც, რომელიც საჭიროა საუკუნო ცხოვრებისთვის.
სამყაროს დასასრულისთვის ნიშანდობლივი იქნება „ბოლო ადამიანის“ გამოჩენა, რომელიც პრინციპულად ვერ გახდება ზეციური სამეფოს მემკვიდრე. კაცობრიობის ისტორიის მიმდინარეობის კვალობაზე, სულიერი „მაუგლების“ და „ტარზანების“ რიცხოვნება შეუქცევადად იზრდება - ასე რომ, რომელიღაც მომენტში, სასუფეველში მკვიდრობის უნარის მქონენი საერთოდ აღარ იქნებიან. ქრისტე ამბობდა ბოლო ჟამზე: ”მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?“ (ლუკა, 18-8). სამყარო იმიტომ აღესრულება, რომ დედამიწაზე შობილი ადამიანებიდან შეუძლებელი იქნება ზეციური იერუსალიმის მკვიდრთა შერჩევა.
საინტერესო დეტალია: სრულიად არარელიგიური ფილოსოფოსებიც სვამენ კითხვებს: როგორ ვითარდება ღმერთთან ურთიერთობის კულტურის კრიზისი? რატომ ხდება შეუძლებელი ღმერთთან დიალოგი? 1885 წელს ფრიდრიხ ნიცშე გაიძახოდა: „შეხედეთ! მე თქვენ გაჩვენებთ ბოლო ადამიანს. „რა არის სიყვარული? ქმნილება? სწრაფვა? რა არის ვარსკვლავი? - კითხულობს უკანასკნელი ადამიანი და თვალებს ახამხამებს“.
სწორედ ეს „ხამხამი“ იყო ბოლო ჟამის ადამიანის მახასიათებელი ნიშანი, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა ნიცშეს. რატომ? ასწლეულით გვიან ამ საკითხს ნათელი მოჰფინა ფრანგმა ფილოსოფოსმა გი დებორმა, როცა დაწვრილებით აღწერა „სპექტაკლის საზოგადოება“.
ლუკას სახარება შეიცავს მეოთხედმთავარ ჰეროდესთან მაცხოვრის შეხვედრის მეტად ნიშანდობლივ ეპიზოდს. ჰეროდეს ძალზე გაუხარდა იესოს დანახვა, რადგან დიდი ხანია სურდა მათან შეხვედრა. ტეტრარქს ბევრი სმენოდა გალილეველ ქადაგზე და უნდოდა მისგან ეხილა რაიმე სასწაული. მან თავაზიანად მიიღო ქრისტე და ბევრი შეკითხვა დაუსვა, თუმცა ის არაფერს პასუხობდა.
ეს ძალზე უცნაურია. ქრისტე ესაუბრება ყველას - მებაჟეებს და ცოდვილებს; ფარისევლებს და სადუკეველებს; კეთროვანებს და ისრაელის დიდებულებს. მაცხოვარი პასუხობს სამარიელ ქალს, რომაელ წარმართ პონტიუს პილატეს და თავად გამცემ იუდასაც. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც მაცხოვარმა უარი თქვა დიალოგზე, ჰეროდე ანტიპაა. ნუთუ ამ უკანასკნელმა ყველაზე მეტად შესცოდა უფლის წინაშე?
საქმე იმაშია, რომ ჰეროდე ანტიპა სწორედ ნიცშესეული „ბოლო ადამიანია“, -დებორის „სპექტაკლის საზოგადოების“ ტიპური წარმომადგენელი. მას არ შეუძლია რაიმეს სერიოზულად მოეკიდოს. თავად ქრისტესაც, უსაქმურთა ბრბოს გამრთობ მეფოკუსედ აღიქვამს. მაგრამ „სპექტაკლი დიალოგს ეწინააღმდეგება“ - აღნიშნავს გი დებორი. მართლაც, რაც არ უნდა ეპასუხა მაცხოვარს, მასთან დიალოგს ვერ გამართავდა. ნებისმიერი სხვა რეაქცია, მდუმარების გარდა, ტეტრარქის მიერ შეთავაზებულ სპექტაკლში ჩართავდა ქრისტეს. მაცხოვარს მოუწევდა მასხარას როლის შესრულება, რომელიც მას „თვალებმოხამხამე“ მაყურებელმა არგუნა.
მაგრამ სპექტაკლი, ნებისმიერ შემთხვევაში სიცილით უნდა დასრულდეს. გალილეველი დუმს და ფოკუსებს არ აჩვენებს? ჰეროდესთვის ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ იესო ნაზარეველი ცუდი მასხარაა. „რა გაეწყობა?! - გადაწყვეტს ტეტრარქი. - მაშინ დავცინოთ მის სასცენო მარცხს! რით არის კარგი სპექტაკლი? იმით, რომ ყველაფერს მოიცავს. კომიკოსი მსახიობის სცენაზე სიკვდილიც კი კარგი ხუმრობაა“ - და თავის მეომრებთან ერთად ჰეროდე ამცირებს ქრისტეს, დასცინის მას.
დიალოგის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. ამიტომაც უწოდებს დებორი სპექტაკლის საზოგადოებას „არყოფის სანახაობრივ ორგანიზაციას“, „ცხოვრების უარყოფას, რომელიც ხილული გახდა“. ყველა ბოლოდროინდელი ქმედება შოუდ იქცევა. რუსეთის უახლეს ისტორიაში ვიხილეთ ამის შემაძრწუნებელი დადასტურება. ტერორისტები, რომლებიც მუსიკალურ ცენტრში შეიჭრნენ პოპულარული მიუზიკლის მიმდინარეობისას, საგონებელში ჩავარდნენ, ვინაიდან არავინ არ აღიქვა ისინი სეროზულად.  მაყურებლებმა შეიარაღებული ადამიანები მსახიობებად მიიჩნიეს და მხოლოდ პირველმა გვამებმა მოაფხიზლეს ისინი. თანამედროვე ტერორიზმი „სპექტაკლის საზოგადოების“ პირმშოა და სხვა არაფერი. თეორეტიკოს-რადიკალის თვალსაზრისით, თანამედროვე მსოფლიოში, ხალხის დახოცვის გარდა, არ არსებობს სხვა საშუალება აიძულო ისინი სერიოზულად მოგეპყრონ.
გი დებორი 1968 წლის მაისის რევოლუციის ერთ-ერთი იდეური ლიდერი იყო, თუმცა შემდგომ, ფილოსოფოსი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ „სპექტაკლის საზოგადოებამ“ საკუთარი თავის წინააღმდეგ ამბოხიც სპექტაკლად აქცია. უფრო თავდადებულმა და გულწრფელმა რევოლუციონერებმაც ვერ აცილეს მასხარას როლი. რა მოუვიდა ჩე გევარას სახელს? ის გადაიქცა პოპულარულ ახალგაზრდულ ბრენდად, გახდა სიმბოლო „კარგად შეფუთული და პოლიტიკურად კორექტული ამბოხისა იმ მსოფლიოს წინააღმდეგ, სადაც მეფობს პოლიტკორექტულობა და ყველაფერი კარგადაა შეფუთული გასაყიდად“. გაიგო რა ეს, ფილოსოფოსი გალოთდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ჩვენ ვპოვეთ ბედნიერება“, – ამბობენ ბოლო ადამიანები და თვალებს ახამხამებენ.“ ზარათუსტრა ხშირად იმეორებს ამ ფრაზას. ცხადია, ნიცშე ყურადღებას ამახვილებს „ბოლო ადამიანის“ ორ ნიშანზე. სწორედ ისინი უდევს საფუძვლად ღმერთთან ურთიერთობის შეწყვეტას. უფალი ისევე დადუმდება „სპექტაკლის საზოგადოების“ „თვალებმოხამხამე“ მაყურებლის წინაშე, როგორც ოდესღაც დადუმდა ჰეროდე ანტიპას პირისპირ. თავის მხრივ, ბოლო ადამიანიც დადუმდება ღმერთის წინაშე, ვინაიდან მისი პიროვნული სტრუქტურა სარკისებურად საწინააღმდეგო იქნება ნეტარების მცნებებისა: ნაცვლად უფალს და სიმართლეს  მოწყურებული სულიერი სიგლახაკისა, იქ იქნება „კულტურული“ ნაყროვანება; მოწყალე, სუფთა და მდაბალი გულისგან მომდინარე მშვიდობისმყოფელობის ნაცვლად - სულმოკლე პოლიტკორექტულობა; ნაცვლად ტრაგიკული ცრემლების სულგრეძელობისა, - კომედიის იაფფასიანი სიცილი; ნაცვლად ქრისტესთვის მოწამეობის წყურვილამდე მისული ღვთისადმი მადლიერებისა - ქვაკუთხედად დადებული  ავადმყოფური ზრუნვა ჯანმრთელობაზე.

სერგეი მაზაევ
3 მაისი, 2013 წ.