четверг, 5 мая 2016 г.

ბოლო ადამიანი (თარგმანი)


სამყაროს დასასრულზე შეიძლება სხვადასხვაგვარად ისაუბრო. ერთნი ცდილობენ დრო და ვადები გათვალონ, მეორენი მიზეზის საკითხს არკვევენ. მართლაც, რატომ უნდა დასრულდეს ისტორია? რატომ განიზრახა ღმერთმა თაობათა ბუნებრივი  ცვლის შეწყვეტა გარკვეულ მომენტში.
ფილოსოფოსები და ღვთისმეტყველები თანხმდებიან, რომ სამყაროს დასასრულს ღმერთთან ურთიერთობის კულტურის კრიზისი გამოიწვევს. ფსიქოლოგთა მტკიცებით, ადამიანი, რომელიც ვერ ურთიერთობს თავის მსგავსთან, არ ვითარდება პიროვნულად და ბავშვი, რომელიც მგლებმა ან მაიმუნებმა გაზარდეს, ვერ თანაცხოვრობს ადამიანებთან. ანალოგიურად, ადამიანი, რომელმაც აღიკვეთა ღმერთთან ურთიერთობა, ვერ აღწევს განვითარების იმ მინიმალურ ზღვარსაც, რომელიც საჭიროა საუკუნო ცხოვრებისთვის.
სამყაროს დასასრულისთვის ნიშანდობლივი იქნება „ბოლო ადამიანის“ გამოჩენა, რომელიც პრინციპულად ვერ გახდება ზეციური სამეფოს მემკვიდრე. კაცობრიობის ისტორიის მიმდინარეობის კვალობაზე, სულიერი „მაუგლების“ და „ტარზანების“ რიცხოვნება შეუქცევადად იზრდება - ასე რომ, რომელიღაც მომენტში, სასუფეველში მკვიდრობის უნარის მქონენი საერთოდ აღარ იქნებიან. ქრისტე ამბობდა ბოლო ჟამზე: ”მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?“ (ლუკა, 18-8). სამყარო იმიტომ აღესრულება, რომ დედამიწაზე შობილი ადამიანებიდან შეუძლებელი იქნება ზეციური იერუსალიმის მკვიდრთა შერჩევა.
საინტერესო დეტალია: სრულიად არარელიგიური ფილოსოფოსებიც სვამენ კითხვებს: როგორ ვითარდება ღმერთთან ურთიერთობის კულტურის კრიზისი? რატომ ხდება შეუძლებელი ღმერთთან დიალოგი? 1885 წელს ფრიდრიხ ნიცშე გაიძახოდა: „შეხედეთ! მე თქვენ გაჩვენებთ ბოლო ადამიანს. „რა არის სიყვარული? ქმნილება? სწრაფვა? რა არის ვარსკვლავი? - კითხულობს უკანასკნელი ადამიანი და თვალებს ახამხამებს“.
სწორედ ეს „ხამხამი“ იყო ბოლო ჟამის ადამიანის მახასიათებელი ნიშანი, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა ნიცშეს. რატომ? ასწლეულით გვიან ამ საკითხს ნათელი მოჰფინა ფრანგმა ფილოსოფოსმა გი დებორმა, როცა დაწვრილებით აღწერა „სპექტაკლის საზოგადოება“.
ლუკას სახარება შეიცავს მეოთხედმთავარ ჰეროდესთან მაცხოვრის შეხვედრის მეტად ნიშანდობლივ ეპიზოდს. ჰეროდეს ძალზე გაუხარდა იესოს დანახვა, რადგან დიდი ხანია სურდა მათან შეხვედრა. ტეტრარქს ბევრი სმენოდა გალილეველ ქადაგზე და უნდოდა მისგან ეხილა რაიმე სასწაული. მან თავაზიანად მიიღო ქრისტე და ბევრი შეკითხვა დაუსვა, თუმცა ის არაფერს პასუხობდა.
ეს ძალზე უცნაურია. ქრისტე ესაუბრება ყველას - მებაჟეებს და ცოდვილებს; ფარისევლებს და სადუკეველებს; კეთროვანებს და ისრაელის დიდებულებს. მაცხოვარი პასუხობს სამარიელ ქალს, რომაელ წარმართ პონტიუს პილატეს და თავად გამცემ იუდასაც. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც მაცხოვარმა უარი თქვა დიალოგზე, ჰეროდე ანტიპაა. ნუთუ ამ უკანასკნელმა ყველაზე მეტად შესცოდა უფლის წინაშე?
საქმე იმაშია, რომ ჰეროდე ანტიპა სწორედ ნიცშესეული „ბოლო ადამიანია“, -დებორის „სპექტაკლის საზოგადოების“ ტიპური წარმომადგენელი. მას არ შეუძლია რაიმეს სერიოზულად მოეკიდოს. თავად ქრისტესაც, უსაქმურთა ბრბოს გამრთობ მეფოკუსედ აღიქვამს. მაგრამ „სპექტაკლი დიალოგს ეწინააღმდეგება“ - აღნიშნავს გი დებორი. მართლაც, რაც არ უნდა ეპასუხა მაცხოვარს, მასთან დიალოგს ვერ გამართავდა. ნებისმიერი სხვა რეაქცია, მდუმარების გარდა, ტეტრარქის მიერ შეთავაზებულ სპექტაკლში ჩართავდა ქრისტეს. მაცხოვარს მოუწევდა მასხარას როლის შესრულება, რომელიც მას „თვალებმოხამხამე“ მაყურებელმა არგუნა.
მაგრამ სპექტაკლი, ნებისმიერ შემთხვევაში სიცილით უნდა დასრულდეს. გალილეველი დუმს და ფოკუსებს არ აჩვენებს? ჰეროდესთვის ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ იესო ნაზარეველი ცუდი მასხარაა. „რა გაეწყობა?! - გადაწყვეტს ტეტრარქი. - მაშინ დავცინოთ მის სასცენო მარცხს! რით არის კარგი სპექტაკლი? იმით, რომ ყველაფერს მოიცავს. კომიკოსი მსახიობის სცენაზე სიკვდილიც კი კარგი ხუმრობაა“ - და თავის მეომრებთან ერთად ჰეროდე ამცირებს ქრისტეს, დასცინის მას.
დიალოგის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. ამიტომაც უწოდებს დებორი სპექტაკლის საზოგადოებას „არყოფის სანახაობრივ ორგანიზაციას“, „ცხოვრების უარყოფას, რომელიც ხილული გახდა“. ყველა ბოლოდროინდელი ქმედება შოუდ იქცევა. რუსეთის უახლეს ისტორიაში ვიხილეთ ამის შემაძრწუნებელი დადასტურება. ტერორისტები, რომლებიც მუსიკალურ ცენტრში შეიჭრნენ პოპულარული მიუზიკლის მიმდინარეობისას, საგონებელში ჩავარდნენ, ვინაიდან არავინ არ აღიქვა ისინი სეროზულად.  მაყურებლებმა შეიარაღებული ადამიანები მსახიობებად მიიჩნიეს და მხოლოდ პირველმა გვამებმა მოაფხიზლეს ისინი. თანამედროვე ტერორიზმი „სპექტაკლის საზოგადოების“ პირმშოა და სხვა არაფერი. თეორეტიკოს-რადიკალის თვალსაზრისით, თანამედროვე მსოფლიოში, ხალხის დახოცვის გარდა, არ არსებობს სხვა საშუალება აიძულო ისინი სერიოზულად მოგეპყრონ.
გი დებორი 1968 წლის მაისის რევოლუციის ერთ-ერთი იდეური ლიდერი იყო, თუმცა შემდგომ, ფილოსოფოსი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ „სპექტაკლის საზოგადოებამ“ საკუთარი თავის წინააღმდეგ ამბოხიც სპექტაკლად აქცია. უფრო თავდადებულმა და გულწრფელმა რევოლუციონერებმაც ვერ აცილეს მასხარას როლი. რა მოუვიდა ჩე გევარას სახელს? ის გადაიქცა პოპულარულ ახალგაზრდულ ბრენდად, გახდა სიმბოლო „კარგად შეფუთული და პოლიტიკურად კორექტული ამბოხისა იმ მსოფლიოს წინააღმდეგ, სადაც მეფობს პოლიტკორექტულობა და ყველაფერი კარგადაა შეფუთული გასაყიდად“. გაიგო რა ეს, ფილოსოფოსი გალოთდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ჩვენ ვპოვეთ ბედნიერება“, – ამბობენ ბოლო ადამიანები და თვალებს ახამხამებენ.“ ზარათუსტრა ხშირად იმეორებს ამ ფრაზას. ცხადია, ნიცშე ყურადღებას ამახვილებს „ბოლო ადამიანის“ ორ ნიშანზე. სწორედ ისინი უდევს საფუძვლად ღმერთთან ურთიერთობის შეწყვეტას. უფალი ისევე დადუმდება „სპექტაკლის საზოგადოების“ „თვალებმოხამხამე“ მაყურებლის წინაშე, როგორც ოდესღაც დადუმდა ჰეროდე ანტიპას პირისპირ. თავის მხრივ, ბოლო ადამიანიც დადუმდება ღმერთის წინაშე, ვინაიდან მისი პიროვნული სტრუქტურა სარკისებურად საწინააღმდეგო იქნება ნეტარების მცნებებისა: ნაცვლად უფალს და სიმართლეს  მოწყურებული სულიერი სიგლახაკისა, იქ იქნება „კულტურული“ ნაყროვანება; მოწყალე, სუფთა და მდაბალი გულისგან მომდინარე მშვიდობისმყოფელობის ნაცვლად - სულმოკლე პოლიტკორექტულობა; ნაცვლად ტრაგიკული ცრემლების სულგრეძელობისა, - კომედიის იაფფასიანი სიცილი; ნაცვლად ქრისტესთვის მოწამეობის წყურვილამდე მისული ღვთისადმი მადლიერებისა - ქვაკუთხედად დადებული  ავადმყოფური ზრუნვა ჯანმრთელობაზე.

სერგეი მაზაევ
3 მაისი, 2013 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий