33 წლის უნდა ყოფილიყო 1942-ში. იქ, ქეჩში უნდა შესრულებოდა ქრისტეს ასაკი და ჯვარსაც აცვეს.
 |
ტატიანა ცინცაბაძე |
ბაბუა ერთი მახსოვს - დედაჩემის მამა ემელიანე (ბენია). საკმაოდ ბუნდოვნად, მაგრამ მახსოვს. უკვე ლოგინად იყო ჩავარდნილი და ღიმილით მასწავლიდა "აბდლურ" ლექსებს - 3 წლისას ეს მომენტი აღმებეჭდა მეხსიერებაში და დღემდე ტკბილ მოგონებად მომყვება, ოღონდ ახლა სხვა, გამოგონილ მოგონებაზე უნდა მოვყვე.
ბებიაჩემი, გამოჩენილი კერძო ჩაის მკრეფავი (არ უყვარდა კოლმეურნეობაში მუშაობა), ისე გარდაიცვალა ბევრი არაფერი უთქვამს თავის ქმარზე. ან რა უნდა ეთქვა? 18 წლის გოგო 14 წლით უფროს კაცს მითხოვდა. ერთი წლის მერე ქმარი ომში წაიყვანეს და დარჩა ტატიანა თავის დარდთან, ახალჩასახულ სიცოცხლესთან და უამრავ ყოფით პრობლემასთან გასამკლავებლად. მარტო დარჩა და მარტო უმკლავდებოდა - აი ისე, მხოლოდ მაშინდელმა ქალებმა რომ იცოდნენ. ჰოდა, ან რა მოგონება უნდა დარჩენოდა, ან სად ეცალა მოსაგონებლად. მამაჩემს რომ მიმართავდნენ "კალენიკოვიჩო", ეს იყო სულ ბაბუაჩემის ხსენება ოჯახში. ვტყუი, ჩემს ძმასაც "კალეს" ეძახდა (ახლაც ეძახის) სამეგობრო.
 |
ქერჩი. აჯიმუშკაის ქვის სამტეხლო |
ერთხელ, სოფელში, ძველი წიგნების იმ იმედით გადალაგებისას, ეგებ რამე ნორმალურს გადავაწყდე მეთქი (იქეთ მდარე ლიტერატურას, გაზეთებს და ჟურნალ "ნაუკა ი ჟიზნს" ვაგზავნიდით და მაინცდამაინც დანიშნულებისამებრ არ ვიყენებდით), შემთხვევით აღმოვაჩინე ბროშურად გამოცემული სტალინის სიტყვა. დღესაც არ ვიცი რა არგუმენტებით ებძოდა "ერების მამა" ტროცკის და ტროცკისტებს, იქ ჩემი ყურადღება ყდის შიდა მხარეს გაკეთებულმა ხელნაწერმა მიიპყრო. "კალენიკე კალანდარიშვილი" - მოსწავლის მონდომებითაა გამოყვანილი ასოები. როგორც ბებიაჩემთან გავარკვიე, ნამდვილად კალეს მინაწერი ყოფილა. მერე ცოტაც მოაყოლა: განათლებული კაცი იყო საცოდავიო, აგარანომიო, ჭკუასაკითხავიო. წერილებს მწერდაო. ბოლო წერილი 42-ში მივიღე - სამკუთხა ბარათიო. ერგზობა იგიც მომწერა "თუ ნამეტარი მოგვაწვენ, თავის შეკვლას არ ვაპირებო", კაი ხანი მეგონა ჩამევიდოდაო...
 |
კალენიკე (კალე) კალანდარიშვილი |
არაა ურიგო სურათი: უსწავლელი არ ყოფილა, ძალიან უყვარდა ცოლი, უკვე შეძენილი შვილის გაცნობა უნდოდა, სიცოცხლე უყვარდა და "ურაპატრიოტობისაც" არაფერი ეცხო. მე მომეწონა. მერე, რომელიღაც დიდ საოჯახო სუფრაზე პირველად მოვიგონე სადღეგრძელოში და ასე დავაბრუნე შინ. წლების შემდეგ პანაშვიდი გადავუხადე ეკლესიაში. მადლობა გადავუხადე. იმისთვის, რომ... თუმცა ეს ქერჩში ჩახოცილი ქართველების შთამომავლობამ, ლამის მთელმა საქართველომ იცის.
დღეს 8 მაისია - ქერჩის სასაკლაოს 74-ე წლისთავი. 8 მაისს დაიწყო ქერჩის დაბომბვა ჰიტლერმა და 18 მაისს 120000 ქართველი იწვა უცხო მიწაში (ესეც "დიადი" მხედართმთავრის, "გენიოსი" სტალინის აქტივშია). ამბობენ, დაადუღა ავიაციამ იქაურობაო, ვინც გადარჩა, ღორების კოლტიდან თავდახსნილმა, ხორცშესხმულმა სატანის ლეგიონმა მოუღო ბოლოო...
ეს სურათიც იმ ხელნაწერივით ერთადერთია. ქვრივის ტკივილივით ბზარიანი.
ქრისტე აღდგა კალენიკე ბაბუა!
Комментариев нет:
Отправить комментарий